"დიდი შვიდეულის" წევრმა ქვეყნებმა დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა, G7-ის წევრებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა.
G7-ის ლიდერებმა 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე ქალაქში მასიური სარაკეტო თავდასხმები "ყველაზე უმკაცრესად" დაგმეს და პირობა დადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებელ პირებს "პასუხს აგებინებენ".
მათ განაცხადეს, რომ "განურჩეველი თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოადგენს ომის დანაშაულს".
G7-ის ლიდერები ასევე მზაობას გამოთქვამენ, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება” და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დახმარებას.
ერთობლივი განცხადების თანახმად, “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა მტკიცედ დაგმეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობა და გაიმეორეს, რომ არასდროს აღიარებენ "უკანონო ანექსიას და ცრუ რეფერენდუმს, რომელსაც რუსეთი იყენებს მის გასამართლებლად".
G7-მა განაცხადა, რომ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი ეკონომიკური სანქციების დაწესებას და კიდევ ერთხელ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას "შეაჩერონ რუსული აგრესიული ომის ჩართვა".
“დიდი შვიდეულის” სახელმწიფოები ასევე მზად არიან, უკრაინას “ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში” გაუწიონ დახმარება.
***
"დიდი შვიდეულის" ქვეყნების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 10 ოქტომბერს მოითხოვა. ის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ესაუბრა, რომელიც ამჟამად G7-ს თავმჯდომარეობს.
უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში გუშინ, 10 ოქტომბერს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა.
სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა.